პარლამენტის დიასპორის კომიტეტის ფარგლებში ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის ფარგლებში ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის ფარგლებში ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. საბჭო საქართველოში მცხოვრებ 16 თემს გააერთიანებს და მისი მთავარი მიზანი ორმხრივი, ეფექტიანი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების სისტემური პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა იქნება.

საბჭო აქტიურად იმუშავებს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების დასაქმებისა და კულტურული მიმართულებებითაც.

დეპუტატ რიმა ბერაძის განცხადებით, ეროვნული უმცირესობები საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ.

„მათი უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და მრავალი წელია, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. დარწმუნებული ვარ, საბჭოს საქმიანობა იქნება ძალიან წარმატებული და ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული უმცირესობების საპარლამენტო საქმიანობის ჩართვასა და ორმხრივი ინტეგრაციის მიმართულებებით“, – განაცხადა ბერაძემ.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა დღეს საბჭოს შექმნას მხარი ერთხმად დაუჭირა. კომიტეტმა დღესვე საკონსულტაციო საბჭოს დებულება და სამთვიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.