პარლამენტის დელეგაციის წევრები ვაშინგტონში კონგრესმენ დაიან დიჯეტს შეხვდნენ
პარლამენტის დელეგაციის წევრები ვაშინგტონში კონგრესმენ დაიან დიჯეტს შეხვდნენ

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ენერგეტიკის და კომერციის საკითხთა კომიტეტის საზედამხედველო და საგამოძიებო ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესის წევრს, დაიან დიჯეტს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა იყო საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციები და მისი განხორციელების მექანიზმები.

„ქართველი პარლამენტარები ამერიკელ კოლეგას ესაუბრნენ პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზე, მათ შორის: ინტერპელაციაზე, მთავრობის წევრის და სხვა თანამდებობის პირის პარლამენტში დაბარებასა და მათ საპარლამენტო მოსმენაზე, თემატურ მოკვლევაზე და სხვა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებზე, რომელიც აძლიერებს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას. კონგრესის წევრმა, დაიან დიჯეტსმა დელაგაციის წევრებს გააცნო აშშ-ს კონგრესის გამოცდილება საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების კუთხით“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების – „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია,გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილედავით გელაშვილი.