დარგობრივი კომიტეტი მომხრეა, მარეგულირებელი კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელების ანაზღაურებაზე მსჯელობა დაიწყოს
დარგობრივი კომიტეტი მომხრეა, მარეგულირებელი კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელების ანაზღაურებაზე მსჯელობა დაიწყოს

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მომხრეა, მარეგულირებელი კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელების ანაზღაურების შესახებ მსჯელობა დაიწყოს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტმა ​მარეგულურებელ კომისიასთან დაკავშირებით დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის შედეგად მიიღო.

დეპუტატებმა ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და აღნიშნეს, რომ ამ თემაზე საუბრის დაწყება მნიშვნელოვანია.

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, მარეგულირებელი კომისიის წევრისა და თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების ერთი თვის ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.

გოცირიძის გათვლებით, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების წლიური შრომითი ანაზღაურება – 246 272 ლარია, რაც თვეში 20 000 ლარზე მეტია და საქართველოს პრეზიდენტის ერთი თვის შრომის ანაზღაურებას სამჯერ აღემატება.

კანონპროექტი მანამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა, მხარი არ დაუჭირა და თავისი შენიშვნებით დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს გადაუგზავნა.