პარლამენტის დარგობრივი კომიტეტი იმსჯელებს, მოუსმინოს თუ არა ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას
პარლამენტის დარგობრივი კომიტეტი იმსჯელებს, მოუსმინოს თუ არა ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძე მოითხოვა, რომ კომიტეტმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გაწეული მუშაობისა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ იმსჯელოს.

გოცირიძის თქმით, ქობულიამ განაცხადა, რომ პოსტიდან თავისი ნებით არ წასულა და მასზე არაფორმალური ზემოქმედება ხორციელდებოდა.

„მან სურვილი გამოთქვა, რომ კომიტეტში მოვიდეს. მისი მოსვლა უზრუნველყავით“, – მიმართა უმრავლესობას გოცირიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ საკითხზე კომიტეტის წევრები იმსჯელებენ და პოზიციაზე ჩამოყალიბდებიან.

გოცირიძის განცხადებას უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქობულიას მოსმენის თაობაზე მისი აზრი უარყოფითია.

„ნაწყენი კაცის პოზიციიდან ერთი და ორი ინტერვიუ არ გვინახავს“, – აღნიშნა არველაძემ.

დეპუტატების საპასუხოდ კაკულიამ განაცხადა, რომ თუ ქობულია იმ განწყობაზეა, რომ ტელევიზიის წინ სიახლეები თქვას, ჟურნალისტები პასუხებს უმრავლესობას მაინც მოსთხოვენ.

„ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი იყო. პრემიერს აქვს უფლება, ყველა შინაარსი გარეთ არ გამოიტანოს. თუ ქობულია ახალ გარემოებებზე საუბარს აპირებს, ამაზე გვერდით გახედვა სწორად არ მიმაჩნია. ვიმსჯელოთ, თუ საუბარს აპირებს, მაინც იტყვის და ჟურნალისტს მერე კომენტარი უნდა გავუკეთო“, – განაცხადა კაკულიამ.

თავის მხრივ, გიორგი ქობულიას საკომიტეტო მოსმენას მხარი დაუჭირა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ. დეპუტატი დაინტერესდა, თუ ქობულიას მოსმენის სურვილი აქვს, რატომ არ უნდა მოვიდეს კომიტეტზე.

„პირს ვერ აუხვევთ და თქვენ პინგ-პონგს ითამაშებთ. ის თქვენზე იტყვის ცუდს, თქვენ უპასუხებთ, ადრე რატომ არ თქვიო“, – განაცხადა ბაქრაძემ.

გიორგი ქობულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა 18 აპრილს დატოვა. მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა, რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.