პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს შეხვდებიან
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს შეხვდებიან

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორთან, ლევან ახვლედიანთან ანაკლიის პორტის პროექტის თემაზე შეხვედრას გამართავენ.

კერძოდ, შეხვედრის ინიციატორები დეპუტატები – ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და კობა ნარჩემაშვილი არიან.

როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრა საქართველოს პარლამენტში ღია ფორმატით ჩატარდება.

„შეხვედრის მიზანია, საკითხის ირგვლივ უფრო მეტი სიცხადის შეტანა და საზოგადოებისთვის იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც დაგროვდა. აღარ იციან რეალურად ვისგან გაიგონ სიმართლე; მთავრობა ერთს ამბობს, კონსორციუმი მეორეს, ამიტომ შევთავაზე, გამოიყენონ ეს სივრცე, საზოგადოებას გასცენ პასუხი. კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ქალბატონი მაია, რადგან ის არის მთავარი სპიკერი, მაგრამ რადგან უარი თქვა, მოგვიწევს ერთ ადამიანს დავუსვათ შეკითხვები“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეხვედრაზე დასწრების აზრს ვერ ხედავენ. რომან გოცირიძის თქმით, სანამ ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება, მანამდე ანაკლიის პორტის პროექტი არ შესრულდება.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“, ფრაქციის წევრები შეხვედრაზე დასწრებას გეგმავენ.

„ჩვენთვის პრაქტიკულად ყველაფერი ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვკითხავთ ხელისუფლების მონაწილეობაზე და ხელისუფლების ღვაწლზე იმ ცუდ საქმეში, რასაც ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნა ჰქვია. საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს ანაკლიის პორტის მნიშვნელობა ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურ დირექტორთან, ლევან ახვლედიანთან შეხვედრაზე დასწრებას არც მმართველი გუნდი აპირებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს შეხვედრა მხოლოდ პოლიტიკურ პიარზეა გათვლილი.

„არ დავესწრები სპექტაკლს, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ პიარზე გათვლილი. ვიცი ზუსტად, რა ხდება სინამდვილეში და სიმართლე არის ერთი, რომ კონსორციუმმა უნდა აიღოს თავის თავზე ის ვალდებულება, რა ვალდებულების შესრულების გარანტიებიც უნდა დადოს საქმით და არა მხოლოდ სიტყვით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტში, ანაკლიის პორტის საკითხის განხილვას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არ დაესწრება. მაია ცქიტიშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მან ბოლო თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ფორმატში, სამჯერ მიაწოდა.