პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს შეხვდებიან
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს შეხვდებიან

საქართველოს პარლამენტში „რუსთავი2“-ის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დღეს მოუსმენენ. დვალსა და აქიმიძეს საკანონმდებლო ორგანოში საჯარო ფორმატში დამოუკიდებელი დეპუტატები ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, კობა ნარჩემაშვილი და გედევან ფოფხაძე შეხვდებიან.

დამოუკიდებელი დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის თემა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. მისივე თქმით, აუცილებელია საკითხის საჯარო სივრცეში გამოტანა და განხილვა, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

„შეიძლება, ძალიან საინტერესო იყოს და ბევრ ისეთ გარემოებას მოჰფინოს ნათელი, რომელიც აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო, ამიტომ მგონია, რომ პრინციპულად სწორია ასეთი შეხვედრის ორგანიზება ჩვენი მხრიდან და საპარლამენტო ფორმატი მსგავსი შეხვედრებისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი პარლამენტის წევრების მხრიდან. მე წინასწარ შეკითხვების ნუსხა ნამდვილად არ მაქვს გამზადებული, რადგან მგონია, რომ თვითონ დიალოგის პროცესში გაჩნდება საკითხები, რაც იქნება უფრო წინა პლანზე წამოსაწევი. თუმცა, მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავარი აქცენტი უნდა იყოს, რომ სიმართლე ნახევარი არ შეიძლება იყოს, ან ბოლომდე ვამბობთ სიმართლეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ყველა დეტალსა და ნიუანსს, რაც მართლა მოხდა თავის დროზე ამ ტელევიზიასთან მიმართებით ვააშკარავებთ, ან გამოდის, რომ ბრძოლა მიდის არა სამართლიანობისთვის, არამედ გავლენისთვის მედიასივრცეში და ეს ბრძოლა ქართველი ხალხისთვის არც საინტერესოა და არც რაიმე სიკეთის მომტანი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ სამართლიანობა იყოს მედიასივრცეში, სამართლიანობა იყოს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებთან შეხვედრას არ დაესწრებიან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.