პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფს შეხვდებიან
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფს შეხვდებიან

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები დღეს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფს შეხვდებიან.

შეხვედრაზე ადვოკატების მიერ წარდგენილ რეზოლუციის წინადადებას განიხილავენ. დოკუმენტის მიზანია სასამართლოში ე.წ. კლანური მმართველობის შეფასება.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი არ გამორიცხავს, რომ რეზოლუციის წინადადების პროექტის სახით ინიცირება მოხდეს პარლამენტში. მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პარალელურად, მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებაზე.

„იურისტთა ჯგუფს აქვს პარლამენტში შემოტანილი რეზოლუციის წინადადება, რომელიც ეხება სასამართლოს შეფასებას და უკვე პოლიტიკურ დონეზე აღიარებას, რომ სასამართლოს მართავს კლანი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცოტა ხანში იწყება გასაუბრების პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება და ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციების დაფიქსირება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეხვედრაზე მიწვეულნი არიან რეზოლუციის მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული დეპუტატები და საპარლამენტო ფრაქციები.