პარლამენტის ბიუროზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდება
პარლამენტის ბიუროზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდება

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდება. ცვლილებების ავტორი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია.

კანონპროექტის თანახმად, ის ნორმა უქმდება, რომლის მიხედვით, პირები, რომლებიც მღვდელთმსახურები არიან ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად უარს განაცხადებენ, სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადონ, კანონიერი უფლება და ვალდებულება ექნებათ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარონ.

ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტი მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე არ გავრცელდება, რადგან მისი თქმით, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კონკორდატის სახით შეთანხმება არსებობს.

ამასთან, აღნიშნულ კანონპროექტთან ერთად ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის მიხედვით, თუ წვევამდელები სურვილს გამოთქვამენ, სწავლის პარალელურად სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მოიხადონ, ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შეღავათებით ისარგებლებენ და სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.