პარლამენტის ბიუროზე ბიუჯეტის პროექტსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის შსს-ს შემადგენლობაში გადასვლაზე იმსჯელებენ
პარლამენტის ბიუროზე ბიუჯეტის პროექტსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის შსს-ს შემადგენლობაში გადასვლაზე იმსჯელებენ

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი და საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გადასვლა ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, საკომიტეტო და სასესიო ფორმატში მსჯელობა გაიმართება პარლამენტის რეგლამენტის პროექტზეც.

„საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს. გარდა ამისა, განვიხილავთ პროექტს, რომელიც წარმოდგენილია მთავრობის მიერ – ესაა სამაშველო სამსახურის გადასვლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. ამასთან დაკავშირებით, მთელ რიგ საკანონმდებლო პაკეტში იქნება ცვლილებები. ასევე, როგორც საკომიტეტო, ასევე სასესიო რიგგარეშე სხდომებზე გვექნება მსჯელობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის წესრიგის თანახმად, სხდომაზე იმსჯელებენ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზეც, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტმა რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით საკუთარი უარყოფითი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. საუბარია რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტზე. თუმცა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გიგი წერეთელი აცხადებს, წინასწარ გაწერილი საკითხების განხილვამდე, საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებას მოითხოვენ.

„ბიუროზე მთავარი საკითხი, ბუნებრივია, იქნება არჩევნების შეფასება, რადგან ეს არის მთავარი პოლიტიკური და ძალიან რთული საკითხი დღეს. ასევე მნიშვნელოვანი თემაა, რაზეც ჩვენ მომზადებული გვაქვს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი. ეს ეხება ბოლო დროინდელ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და აქ საქართველოს პარლამენტის პოზიციის გამოხატვას“, – განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა.