პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება მოხდება
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება მოხდება

შრომის კოდექსში „შრომითი ურთიერთობის“ ცნება დეტალურად განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილებები 29 დეპუტატმა მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებების თანახმად, კანონში ის გარემოებები და პირობები გაიწერება, რომელსაც სამართლებრივი ურთიერთობა უნდა შეიცავდეს, რათა ის შრომით ურთიერთობად ჩაითვალოს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული,„შრომითი ურთიერთობის“ არსებული განმარტება ბუნდოვანი და არასრულია.

„პრაქტიკაში ხშირად ისეთ ფაქტებს ვხვდებით, როცა სამართლის ორ ან მეტ სუბიექტს შორის ფაქტობრივად შრომითი ურთიერთობა მიმდინარეობს, მაგრამ მათ შორის დადებულ წერილობით ხელშეკრულებაში ეს ურთიერთობა სხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობად არის წარმოჩენილი. უფრო მეტიც, ხშირად ისეთ შემთხვევებსაც კი ვაწყდებით, როცა პირებს შორის საერთოდ არ არის დადებული წერილობითი ხელშეკრულება, ან დადებულია ბუნდოვანი შინაარსის მქონე, ან თვალთმაქცური წერილობითი ან ზეპირი გარიგება, მაგრამ ისინი ფაქტობრივად და რეალურად შრომითი ურთიერთობის მხარეებად გვევლინებიან. ყოველივე ეს სირთულესა და პრობლემებს იწვევს არამხოლოდ პირთა სამართლებრივი სტატუსების გაურკვევლობის თვალსაზრისით, არამედ იმ უფლებებისა და მოვალეობების იდენტიფიცირების კუთხითაც, რომლებიც შრომითი ურთიერთობის მხარეებს შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მომენტიდანვე უნდა მიენიჭოთ და ნორმატიული აქტების თანახმად დაეკისროთ“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.