პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე იმსჯელებენ
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე იმსჯელებენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატები დღეს საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე იმსჯელებენ, რომელიც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დაფინანსებას ითვალისწინებს.

სხდომაზე კანონმდებლები ასევე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივასაც განიხილავენ, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს ეხება.

„განვიხილავთ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც არის სასესხო ხელშეკრულება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის დადებული „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დაფინანსების თაობაზე.

ასევე იქნება მსჯელობა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ეხება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, მათ შორის არის გათვალისწინებული დამქირავებლისთვის შეღავათი ექვსი თვის განმავლობაში; მას შეუძლია, რომ არ გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი, თუ ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.

ამასთან, განვიხილავთ დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტს, რომელიც ეხება ბავშვის უფლებათა კოდექსის ვადის გადაწევას (ნაცვლად პირველი ივნისისა ბავშვის უფლებათა კოდექსი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი სექტემბრიდან).

რაც შეეხება ბიუჯეტს, ის თავდაპირველად უნდა შემოვიდეს პარლამენტში და შემდგომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განიხილონ და შემდგომ მოხვდება სესიაზე, სადაც მივიღებთ ამ ბიუჯეტს. უკვე ანტიკრიზისული გეგმა ამოქმედდება, სადაც ამ ბიუჯეტით ძალიან დიდი შეღავათებია გათვალისწინებული ჩვენი საზოგადოებისათვის“,  – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა.

როგორც ცნობილია, „ევროპული საქართველო“ ბოიკოტს განაგრძობს და ბიუროს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება.

რაც შეეხება ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი აცხადებენ, რომ სხდომაზე დასწრების შემთხვევაში, ისინი საქართველოს ბიუჯეტში ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას დააყენებენ.

„დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის ის, რომ მთავრობამ ის მწირი დანაპირები, ის არასწორად განაწილებული ფული, რომელიც უცხოეთიდან მოიზიდეს, დროზე მაინც გასცეს. საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში , რომელმაც თავის მოქალაქეებს ამ სამი თვის განმავლობაში არ დაურიგა არც ერთი თეთრი და მერე რასაც დაარიგებს, ის შეიძლება იყოს ძალიან დიდი ხნის დაგვიანებული. ამიტომ ველოდებით ცვლილებებს ბიუჯეტში, ველოდებით ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.