პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციული წესით ჩასატარებლად ცვლილებების ინიცირება მოხდება
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციული წესით ჩასატარებლად ცვლილებების ინიცირება მოხდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მიზნით მომზადებული ცვლილებების ინიცირება 11 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება. საკანონმდებლო ცვლილებები „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადა.

კანონპროექტის გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნები საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად უნდა ჩატარდეს და პროპორციული საარჩევნო სისტემით უმაღლესი საბჭოს 30 წევრი უნდა აირჩიონ.

რაც შეეხება იმ პირებს, ვინც უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა აირჩიონ, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მოქალაქეს, ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს.

„დღეისთვის, აფხაზეთის მოქმედი უმაღლესი საბჭო ინსტიტუციურად ლეგიტიმურია, შემადგენლობით კი – არა. საბჭო არჩეულია 1991 წელს, 28 წლის წინ. მისი ამ შემადგენლობით არსებობა ეწინააღმდეგება წარმომადგენლობითი ორგანოების ფორმირების კონსტიტუციურ, საყოველთაოდ აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომლის უმთავრესი მახასიათებელი არის არჩევნების ჩატარება სხვადასხვა პერიოდულობით. კანონპროექტი მიზნად ისახავს, უმაღლესი საბჭოს არჩევის პროცედურების განსაზღვრას“, – ნათქვამია პროექტში.