პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი, როდის უყრიან კენჭს პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი, როდის უყრიან კენჭს პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი, როდის უყრიან კენჭს პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ბიუროს დღეს წარედგინება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ დასკვნის წარდგენის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა დღესვე მოხდეს.

როგორც მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, ისინი ერთხმად უჭერენ მხარს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას.

„მოვისმინეთ ბატონი ირაკლი შოთაძის კონკრეტული ხედვა, კონკრეტული პასუხები და შესაბამისად, კომიტეტმა ერთხმად, დამსწრეთა შემადგენლობის მეშვეობით მხარი დაუჭირა მის საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევას. შემდეგი პროცედურა მდგომარეობს იმაში, რომ კომიტეტის დასკვნა გადაეგზავნება ბიუროს და ბიურო იმსჯელებს დღის წესრიგში შეტანასთან დაკავშირებით, თუ რომელ დღეს ჩატარდება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს შეარჩია და კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ირაკლი შოთაძეს გუშინ მოუსმინეს, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდა და კომიტეტმა შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში უყარონ. შოთაძეს თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.