პარლამენტი საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო კონცეფციის მიღებას გეგმავს  
პარლამენტი საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო კონცეფციის მიღებას გეგმავს  

საქართველოს პარლამენტი საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო კონცეფციის მიღებას გეგმავს.

კონცეფციის თაობაზე დეპუტატების თამარ ჩუგოშვილის, გუგული მაღრაძის, ირინე ფრუიძის, ეკა ბესელიას, კახა კუჭავასა და გიორგი კახიანის ინიციატივით დადგენილების პროექტი მომზადდა.

პროექტში აღნიშნულია, რომ კონცეფცია მიზნად ისახავს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისას მათი მონაწილეობის ხარისხის გაზრდას.

„ამ მიზნების მისაღწევად შესასრულებელი ამოცანებია: საზოგადოებრივი ორგანიზაციების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინსტიტუციური და ფინანსური გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა; საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – ნათქვამია პროექტში.

დოკუმენტის გათვალისწინებით, სახელმწიფოს პოლიტიკის განმსაზღვრელმა პირებმა განსახილველ საკითხთა შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება უნდა უზრუნველყონ, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივები და პეტიციები დროულად განიხილონ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს კვლევებისა და ანგარიშების მომზადებისას ყველა შესაძლო და გონივრული დახმარება აღმოუჩინონ.