პარლამენტი სამი სსიპ-ის შექმნას აპირებს, რომელთაგან ერთ-ერთი ეროვნული ბიბლიოთეკა იქნება
პარლამენტი სამი სსიპ-ის შექმნას აპირებს, რომელთაგან ერთ-ერთი ეროვნული ბიბლიოთეკა იქნება

საქართველოს პარლამენტი სამი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) შექმნას გეგმავს.

პირველი არხის ინფორმაციით, რეგლამენტში მომზადებული ცვლილებების ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰერალდიკის საბჭო სსიპ-ად ჩამოყალიბდება. ამასთანავე, პარლამენტს კვლევითი დეპარტამენტი გამოეყოფა და სსიპ-ად გარდაიქმნება.

რეგლამენტის ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პირველ არხთან საუბარში აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებით მხოლოდ სამართლებრივი ხასიათის ცვლილება ხორციელდება, რაც დამატებით ხარჯებს არ უკავშირდება.

„საქართველოს პარლამენტთან ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰერალდიკის საბჭო ფუნქციონირებს, რომელთა სამართლებრივი ფორმები გაურკვეველია. ფაქტობრივად, მათ სამართლებრივი ფორმები არ გააჩნიათ. „პარლამენტთან არსებული“-ეს ის ტერმინოლოგიაა, რომელსაც პარლამენტი მათთან დამოკიდებულებაში იყენებს. ყველა უწყებას რაღაც ფორმა უნდა ჰქონდეს, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ამ თემაზე ვიმსჯელეთ და მოსაზრება გვქონდა, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება ყველაზე ადეკვატურია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ცვლილებები არანაირ დამატებით ადმინისტრაციულ რესურსთან, ხარჯების გამოყოფასთან არ არის დაკავშირებული. ეს არის მხოლოდ სამართლებრივი ხასიათის ცვლილება და დამატებით ხარჯებს არ უკავშირდება“, – აცხადებს ჩუგოშვილი.

დეპუტატი პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის კვლევით ცენტრად ჩამოყალიბების მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ ხარისხია გასაზრდელი.

„პარლამენტის კვლევითი ცენტრი გარკვეული სიახლეა. პარლამენტში კვლევითი დეპარტამენტი არსებობს, რომელიც უცხოელმა კონსულტანტებმა, ძალიან კომპეტენტურმა ადამიანებმა შეაფასეს. აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ გასაუმჯობესებელი და შესაცვლელია, ხარისხია გასაზრდელი. ყველა კარგ პარლამენტში კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს, რომელსაც მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური მიუკერძოების მაღალი ხარისხი ჰქონდეს. ექსპერტებმა კვლევით ცენტრზე მსჯელობისას საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნა შემოგვთავაზეს“, – ამბობს დეპუტატი.

ჩუგოშვილის ცნობით, პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ შექმნილი ანალიტიკა, კვლევები და ანალიზი პოლიტიკურად მიუკერძოებელი იქნება.

„კვლევითი ცენტრის ამ ფორმით ჩამოყალიბება კარგ საშუალებას იძლევა, რომ ნაკლები საბიუჯეტო რესურსი გამოიყენოს და მეტი საგრანტო, დონორების დახმარება მიიღოს. რაც შეეხება კვლევითი ცენტრის საქმიანობას, მას თავისი სტრუქტურა, სამუშაო და ექსპერტული ჯგუფები ეყოლება. დღეს კვლევით დეპარტამენტში თემის ექსპერტები არ გვყავს. განსხვავებული სამუშაო აღწერები იქნება და კონკურსები გამოცხადდება. კვლევით დეპარტამენტში ბევრი კომპეტენტური ადამიანია და მათ პრობლემა არ ექნებათ, კონკურსები გაიარონ და პარლამენტის კვლევით ცენტრში, როგორც სსიპ-ში ისე დასაქმდნენ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტი რეგლამენტის პროექტის მიღებას ოქტომბრის ბოლომდე გეგმავს, რადგან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომლის საფუძველზე ცვლილებები რეგლამენტშიც განხორციელდა. ცვლილებებით საზედამხედველო ფუნქცია იზრდება და საკანონმდებლო საქმიანობის პროცედურები კიდევ უფრო იხვეწება.

რაც შეეხება იმას, თუ რა ფუნქცია აქვს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სსიპ – საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.