პარლამენტი საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს
პარლამენტი საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალ პირველი მოსმენით განიხილავს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ რამდენიმე კანონპროექტს, მათ შორის ცვლილებებს კანონში საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ.

დოკუმენტის განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონის პროექტი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის საკითხებს და ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ნებისმიერ პირზე, მათი დასაქმების სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად.

კანონის პროექტი ადგენს სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, პროფესიული საჯარო მოხელის, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურების საკითხებს.

კანონპროექტი ვრცელდება აგრეთვე ყველა იმ დაწესებულებაზე, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. ამასთან, განისაზღვრება სუბიექტები, რომლებზეც არ ვრცელდება აღნიშნული კანონი და შრომის ანაზღაურების საკითხები წესრიგდება შესაბამისი კანონმდებლობით.

კანონპროექტი განსაზღვრავს რამდენიმე ტერმინის შინაარსს, კერძოდ, განიმარტება საჯარო დაწესებულება, კონკრეტდება შრომის ანაზღაურების, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს შინაარსი. მკვიდრდება საბაზო თანამდებობრივი სარგოს ცნება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივი სარგოს საბაზო ოდენობას.