პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით სექტემბრის ბოლოს, პლენარული სხდომების კვირაში დაამტკიცებს
პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით სექტემბრის ბოლოს, პლენარული სხდომების კვირაში დაამტკიცებს

პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით სექტემბრის ბოლოს, პლენარული სხდომების კვირაში დაამტკიცებს.

ცვლილებები მეორე მოსმენით გუშინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს და 78 ხმით დაამტკიცეს. კანონპროექტში რამდენიმე ახალი ცვლილება შევიდა, რომელიც მმართველმა გუნდმა დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე მოამზადა.

მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კანდიდატის შეფასებისას წერილობით თითოეულ ქულას დაასაბუთებს, დაგროვებული ქულების რაოდენობა, დასაბუთება და შეფასება კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვინაობის მითითების გარეშე, საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

კანონპროექტით განისაზღვრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრა ღია იქნება, თუმცა ამ ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

პროექტის თანახმად, შემოდის გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმიც. კერძოდ, კენჭისყრის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატს უფლება ექნება, მიღებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს, თუ მიაჩნია, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში საბჭოს წევრი იყო მიკერძოებული და მისი მიდგომა იყო დისკრიმინაციული; ასევე, თუ საბჭოს წევრმა გადაამეტა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას. აგრეთვე, თუ ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედება ამ გადაწყვეტილებას, არსებითად მცდარი იქნება, რის დასადასტურებლადაც კანდიდატმა შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა.

კანონპროექტში აღიშნულია, რომ საჩივარი წარედგინება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც მიღებულ საჩივარს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას დაუყოვნებლივ გადასცემს. საჩივრის პალატისთვის წარდგენის შემთხვევაში კი, პროცედურა საკვალიფიკაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდება.

მმართველი გუნდი განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილებების მომზადება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა.

დატოვე კომენტარი