პარლამენტი საარჩევნო რეფორმის პროექტის საკომიტეტო განხილვას დღეიდან იწყებს
პარლამენტი საარჩევნო რეფორმის პროექტის საკომიტეტო განხილვას დღეიდან იწყებს

საარჩევნო რეფორმის პროექტის საკომიტეტო განხილვა საქართველოს პარლამენტში დღეიდან იწყება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილება.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ამბობენ, რომ მხარეები ყველა იმ საკითხზე შეჯერდნენ, რომლებსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. მომავალ კვირას კი კანონპროექტი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა.

„ჩვენ დავგეგმეთ უკვე კომიტეტის სხდომა, რომელზეც საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტის განხილვას ვიწყებთ. იქნება წარმოდგენილი ბუნებრივია, შეხედულებები, მოსაზრებები და იმის მიხედვით, რაც იქნება საბოლოოდ შეჯერებული ვერსიები, გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია თითოეულ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც მოიცავს ეს კანონპროექტი”-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ.

საარჩევნო რეფორმის დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ივნისის დასაწყისში ელოდებიან.

საარჩევნო რეფორმა სამი ტიპის ტექნოლოგიურ სიახლეს – სახის ამომცნობ პროგრამას, შტრიხკოდირებულ ბიულეტენებსა და მაღალი რეზოლუციის მქონე კამერის ქვეშ ხმების დათვლას მოიცავს.