პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს
პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ პროექტს პირველი მოსმენით დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

ცვლილებები 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

ამას გარდა, ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატს (მანდატებს) ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. გაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, ის თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.

კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, იმით არის განპირობებული, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.

აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას აპირებს საპარლამენტო ოპოზიციაც.