პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე დეკემბრის ბოლომდე იმსჯელებს
პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე დეკემბრის ბოლომდე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დეკემბრის ბოლომდე იმსჯელებს.

როგორც ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ განუცხადა, მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება, რომელსაც დოკუმენტზე ხელის მოწერისთვის ​კონკრეტული ვადა აქვს განსაზღვრული.

„მას შემდეგ, რაც კანონს ხელი მოეწერება და დოკუმენტი ძალაში შევა, საფუძველი ჩნდება, რომ რეორგანიზაციის პირველი ნაბიჯები გადაიდგას. კერძოდ, იმ სამინისტროების ხელმძღვანელები თანამდებობიდან გათავისუფლდებიან, რომლებიც შერწყმის პროცესში მოხვდნენ. შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირება მოხდება, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად კანონით დადგენილი წესით წარედგინება. მას შემდეგ, რაც ახალი მინისტრები თანამდებობაზე დაინიშნებიან, მათი საკანონმდებლო ორგანოში წარდგენა და დამტკიცება შვიდი დღის ვადაში უნდა მოხდეს“, – განაცხადა თადუმაძემ.

პარლამენტმა მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა.