პარლამენტი მომავალი კვირიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას იწყებს
პარლამენტი მომავალი კვირიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას იწყებს

პარლამენტი მომავალი კვირიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას იწყებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს მედიას ის გამოწვევები და საკითხები გააცნო, რაზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს.

დასახელებულ 10 გამოწვევას შორის ერთ-ერთი არის სასამართლო რეფორმა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საშემოდგომო სესიის ფარგლებში სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა განხორციელდება.

პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ რეფორმის მეოთხე ტალღა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს მოიცავს.

„მნიშვნელოვანი თემა არის სასამართლოს რეფორმა. დამოუკიდებელი სასამართლო, სანდო მართლმსაჯულება, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, ჩვენ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას განვახორციელებთ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი თემები შედის. ეს არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის წესი და პროცესი, ამის უკეთ ორგანიზება, უკეთ დარეგულირება, დისციპლინური სამართალწარმოება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების საკითხები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტი ორშაბათიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების ინდივიდუალურ განხილვას იწყებს.

თალაკვაძე ამბობს, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება.

„ბუნებრივია, ორშაბათიდან უკვე ვიწყებთ მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვას. უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად გამჭვირვალე, დემოკრატიულ პროცესს. ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, თვალი ადევნოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და იმ გადაწყვეტილებებს, რასაც პარლამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღებს“, – აღნიშნა თალაკვაძემ პრეზენტაციაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საშემოდგომო სესიისთვის პარლამენტი რამდენიმე ძირითად საკითხს დაუთმობს ყურადღებას: საარჩევნო რეფორმა; სასამართლოს რეფორმა; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; საპარლამენტო ზედამხედვეელობა; 2020 წლის ბიუჯეტი; ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა; გარემო და ეკოლოგია; ბავშვის უფლებები; ბიზნესის მხარდაჭერა; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.

არჩილ თალაკვაძის მედიასთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი