პარლამენტი მიმდინარე კვირას ნდობას მთავრობის მოქმედ შემადგენლობას გამოუცხადებს
პარლამენტი მიმდინარე კვირას ნდობას მთავრობის მოქმედ შემადგენლობას გამოუცხადებს

საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირას ნდობას მთავრობის მოქმედ შემადგენლობას გამოუცხადებს, განახლებულ შემადგენლობაზე კი, დაახლოებით ორი-სამი კვირის შემდეგ იმსჯელებს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე სამინისტროების რაოდენობის 14-დან 11-მდე შემცირებას გეგმავს, ამის ასახვა კანონმდებლობაში უნდა მოხდეს.

კერძოდ, მთავრობამ სამინისტროების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უნდა წარუდგინოს და შესაბამისი ცვლილებები კანონებში უნდა ასახოს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მამუკა ბახტაძეს კი, მინისტრობის კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენისთვის შვიდდღიანი ვადა აქვს.

მამუკა ბახტაძე განმარტავს, რომ ამჟამად, პარლამენტს მთავრობის არსებულ შემადგენლობას წარუდგენს, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება.

“დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება, პარლამენტში კონსულტაციები დასრულდება, განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებსა და პლენარულ სხდომაზე ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად”, – აცხადებს ბახტაძე.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ დროის დაზოგვის მიზნით, საპარლამენტო გუნდს შესთავაზა, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები გაიარონ, რათა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი ორი დღის განმავლობაში შედარებით შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს.

მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობის დეტალური განხილვა მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის წარდგენის დროს მოხდეს, როდესაც პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უშუალოდ ის მინისტრები წარსდგებიან, ვინც მასთან ერთად სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს.

იქედან გამომდინარე, რომ მიმდინარე კვირა რიგგარეშეა, საკანონმდებლო ორგანოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით, რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოუწევს. შესაბამისი თხოვნით კი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უნდა მიმართოს.