პარლამენტი მამუკა ბახტაძის წლიურ ანგარიშს საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე მოისმენს
პარლამენტი მამუკა ბახტაძის წლიურ ანგარიშს საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე მოისმენს

საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის წლიურ ანგარიშს საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე მოისმენს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის ანგარიში ივნისის ბოლომდე უნდა მოესმინა, თუმცა 20 ივნისის მოვლენების გამო, ანგარიშის მოსმენა გადაიდო.

„განვითარებული პროცესების გამო, საქართველოს პარლამენტისთვის ივნისის ბოლო კვირა საკმაოდ მძიმე იყო. რეგლამენტის მოთხოვნის დაცვა სხვადასხვა მიზეზის გათვალისწინებით ვერ მოხდა. პარლამენტის პირველივე სხდომაზე მოსმენილი იქნება პრემიერის ანგარიში. ასევე ვალდებულება გვაქვს, სახალხო დამცველსა და გენერალურ პროკურორს მოვუსმინოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოს სამივე ანგარიში წერილობითი ფორმით საგაზაფხულო სესიაზე წარედგინა, თუმცა პლენარული სხდომების ფორმატში მათი განხილვა არ მომხდარა.

რეგლამენტის შესაბამისად, მთავრობის ხელმძღვანელს პირველი წლიური ანგარიში ივნისის ბოლომდე უნდა წარედგინა, თუმცა 20 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოში მამუკა ბახტაძის გამოსვლა გადაიდო.

ახალი კონსტიტუციის პირობებში, საკანონმდებლო ორგანოს პირველად წარედგინა გენერალური პროკურორის ანგარიშიც, თუმცა ანგარიშის მოსმენა არ მომხდარა, რისი სავარაუდო მიზეზიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის მონაწილეობაა.

რაც შეეხება სახალხო დამცველის ანგარიშს, ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული 2018 წლის ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა, თუმცა პლენარული სხდომის ფორმატში არც ომბუდსმენის მოსმენა მომხდარა. არსებული ინფორმაციით, სახალხო დამცველის მოსმენა სექტემბერში იგეგმება.

რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბერის მესამე პარასკევს იხურება.