პარლამენტი ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შერჩევას იწყებს
პარლამენტი ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შერჩევას იწყებს

საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შერჩევისთვის ემზადება.

კანდიდატთა შესარჩევი ღია საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის შესახებ დღეს, სპეციალური კომისიის პირველ სხდომაზე იმსჯელეს და ღია საჯარო კონკურსის გამოცხადებისთვის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს.

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, განისაზღვრა გრაფიკი და შესაბამისი კრიტერიუმების მითითებით, გამოცხადდა კონკურსი. მისივე თქმით, საბუთების მიღება 18 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდება. კომისიის თავმჯდომარემ ინფორმაციის პროაქტიული გავრცელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით, ინფორმაციის გავრცელება ეთხოვება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს სამდივნოს, ამასთან, თბილისსა და რეგიონებში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში ინფორმაციას გაავრცელებს კანდიდატთა შესარჩევი ღია საკონკურსო კომისიის მდივანიც.

„ვგეგმავთ, რომ ნოემბრის ბოლომდე დავასრულოთ პირველი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს საბუთების მიღება-გადარჩევას და მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატების გამოვლენას, ხოლო დეკემბერში განვახორციელოთ მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებთან გასაუბრება. ამ გასაუბრების საფუძველზე, როგორც კონვენციით, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული დებულებით გვაქვს ვალდებულება, რომ უნდა შევარჩიოთ სამი კანდიდატი, რომელთაგან ერთი აუცილებლად იქნება განსხვავებული სქესის. ამ სამ კანდიდატს, შესაბამისი კრიტერიუმებიდან და შეფასებებიდან გამომდინარე, ოფიციალურად წარვადგენთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან, რომელიც თავისი ოფიციალური წერილით, კანდიდატების შესახებ ინფორმაციას გადაუგზავნის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, სადაც განხორციელდება ამ სამი კანდიდატის შერჩევის შემდგომი პროცედურები და შეირჩევა უკვე მათ მიერ ერთი კანდიდატი, რომელსაც მიეცემა ოთხწლიანი მანდატი, საქართველოს სახელით წარმოდგენილი იყოს წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.