პარლამენტი დღეს ახალ სახალხო დამცველს აირჩევს
პარლამენტი დღეს ახალ სახალხო დამცველს აირჩევს

პარლამენტმა დღეს ახალი სახალხო დამცველი უნდა აირჩიოს.  არჩევანი კი კანონმდებლებმა “პატრიოტთა ალიანსისა” და “ქართული ოცნების” კანდიდატებს შორის უნდა გააკეთონ.

“პატრიოტთა ალიანსმა” გუშინ ამ პოსტზე ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე დაასახელა. მმართველმა
გუნდმა კი არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე არჩევანი ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში ნინო ლომჯარიაზე შეაჩერა.

ლომჯარიას უკვე მოუსმინეს კომიტეტებში და უმრავლესობის სხდომაზე. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უმრავლესობის შიგნით განსხვავებული მოსაზრებები და შეკითხვები ლომჯარიასთან დაკავშირებით, მათ კანდიდატს მხარდაჭერის პრობლემა მაინც არ ექნება.

“უმრავლესობის ფორმატში იყო განსხვავებული მოსაზრებებიც. მე მგონი ეს არის დემოკრატიული, ცოცხალი პროცესი და ეს ასეც უნდა იყოს, ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება. არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომელსაც განსხვავებული მოსაზრება აქვს. მგონია, რომ გადაწყვეტილება ცალსახად ნინო ლომჯარიას მხარეს იქნება მიღებული”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.