პარლამენტი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პირველ თებერვალს პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს
პარლამენტი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პირველ თებერვალს პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში მიიღებს.

სამ ოპოზიციონერ დეპუტატთან დაკავშირებით მსჯელობა 31 იანვარს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდება.

კომიტეტი საკითხის განხილვის შემდეგ დასკვნას მოამზადებს, რომელსაც პლენარულ სხდომას წარუდგენს.

როგორც საქართველოს პირველ არხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობა პირველი თებერვლის პლენარულ სხდომაზე მოხდება.

ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

ელენე ხოშტარია და შალვა ნათელაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის არც ერთ პლენარულ სხდომას არ დასწრებიან. ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში კი, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია – სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება.

რეგლამენტის მიხედვით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ნახევარზე მეტი მიიღებს.

ზემოთ აღნიშნული დეპუტატების გარდა, პარლამენტი იმსჯელებს ყოფილი სპიკერის კახა კუჭავას მანდატზეც, რომელმაც პარლამენტი თავად დატოვა და მანდატზეც უარი განაცხადა.

დატოვე კომენტარი