პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს უყრის კენჭს
პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს უყრის კენჭს

პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას დღეს უყარის კენჭს. ბიუჯეტის პროექტს კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი წარუდგენს.

2021 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. მიმდინარე წელთან შედარებით თითქმის მილიარდნახევრით არის შემცირებული შემოსავლები, თავდაპირველი 5%-იანი მაჩვენებლის ნაცვლად კი ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის 4.3%-იანი მაჩვენებელია ნავარაუდები.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, გაზრდილია საგარეო ვალის, ასევე ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არის ეკონომიკური კრიზისი, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. მესამე კვარტალია, ქვეყანა არის რეცესიაში. მიუხედავად ამისა, გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკების ფონზე, ბიუჯეტში არის ჩადებული ყველა ის სოციალური ვალდებულება, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა. მათ შორის რისკების გადაზღვევა, რაც ჩვენს თანამემამულეებს აქვს ბიზნესისთვის მხარდამჭერი პროგრამა. ამისთვის გამოყოფილია ხუთ მილიარდზე მეტი მარტო ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კოვიდის პროგრამებისათვის. ეს თითქმის სახელმწიფო ბიუჯეტის 30%-ზე მეტია. მთლიანობაში არის ასიგნებები 18,4 მეათედი მილიარდი ლარი, რომელიც არის 2,5 მეათედი მილიარდი ლარით მეტი, ვიდრე 2020 წელს. ანუ მომავალ წელს 2,5 მეათედი მილიარდი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე იხარჯება წელს. მიუხედავად იმისა, რომ მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი არის 7,6 მეათედი პროცენტი, ხოლო ვალი აჭარბებს კრიტიკულ ზღვარს, 60%-ს, რაც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს, მაგრამ მთავრობა გვარწმუნებს, რომ აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ეს პარამეტრები იქნება შემცირებული. აი, ამ ფონის მიუხედავად, ბიუჯეტში დევს ყველა ის სოციალური ვალდებულების შესრულება, რაც აქამდე ხელისუფლებას გამოცხადებული ჰქონდა“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.