პარლამენტარები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობას იწყებენ
პარლამენტარები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობას იწყებენ

პარლამენტარები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობას იწყებენ. დღეს 17:00 საათზე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლები პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე ახალ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის მიზანიც, მმართველი გუნდის წევრების განმარტებით, მომხმარებლის მიმართ ჰუმანური მიდგომების შემოღება, ნარკორიალიზატორების მიმართ კი კანონის გამკაცრებაა. ასევე ახალ პროექტში სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ნაცვლად, აქცენტირებულია პრევენციული და სარეაბილიტაციო-სამკურნალო ღონისძიებები.

ახალი ინიციატივით იცლება კანონის სახელწოდება და შემდეგნაირად ყალიბდება „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

ცვლილების მიხედვით, გაფართოვდება რეგულირების სფერო და გაეროს კონვენციების შესაბამისად, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსიების გარდა კონტროლს დაექვემდებარება სამედიცინო და სოციალური თვალსაზრისით საშიში ნივთიერებებიც.

ასევე კანონპროექტით ახლებურად განისაზღვრება უკანონო ბრუნვიდან, ან მფლობელობიდან ხშირად ამოღებადი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ოდენობები, რომლებიც სამი კატეგორიის სიაში გადანაწილდება. პროექტის მიხედვით, განისაზღვრება აკრძალული ნივთიერებების ის დოზა, რომლის ქონის შემთხვევაში, პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება და ქმედება მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით დარეგულირდება. განმარტებითი ბარათის მიხედვით ოდენობების დადგენა საერთაშორისო გამოცდილების, ნარკოლოგების მოსაზრებებისა და ნარკოლოგიური კლინიკების პაციენტთა გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით მოხდება.