პარკირების ჯარიმის ჩაბარების წესი შეიცვალა, იმოქმედებს 20-პროცენტიანი ფასდაკლებაც
პარკირების ჯარიმის ჩაბარების წესი შეიცვალა, იმოქმედებს 20-პროცენტიანი ფასდაკლებაც

თბილისში პარკირების ჯარიმის ჩაბარების წესი შეიცვალა. როგორც დედაქალაის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, თუ აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა ადრესატს სამართალდარღვევის ოქმი, ახლა იგი გამოქვეყნება სპეციალურ ვებგვერდზე: tp.ge

ამასთან, კალაძის თქმით, გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, დაჯარიმებული პირი მიიღებს 20-პროცენტიან ფასდაკლებას.

„აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა ადრესატს სამართალდარღვევის ოქმი. ამის შემდეგ, თუ ფოსტით ვერ მოხდება სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება, იგი გამოქვეყნდება სპეციალურ ვებგვერდზე, რომლის მისამართიც არის tp.ge. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში, დაჯარიმებული პირი შევა ვებგვერდზე და გადაიხდის ჯარიმას, მიიღებს 20-პროცენტიან ფასდაკლებას და არ მოუწევს სრული ოდენობით ჯარიმის გადახდა. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ დაჯარიმებული პირებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიწოდებას მათზე დაკისრებული ჯარიმების შესახებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის წესი და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი პროექტი დედაქალაქის სხვა უბნებშიც განხორციელდება.

„იცით, რომ ჩვენ გადავდივართ ახალ სისტემაზე, ეს არის ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით იყო გარკვეული ხარვეზები. ჩვენ დავიწყეთ ყველაფრის მოწესრიგება. ორ კონკრეტულ ლოკაციაზე საპილოტე ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი ავამოქმედეთ, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილების გაჩერება არის უფასო. მათ უნდა დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები შესაბამის ვებგვერდზე. ასევე, შშმ პირთათვის არის უფასო. სხვა დანარჩენებისთვის 15 წუთი უფასოა, შემდეგ უკვე, ზონიდან გამომდინარე, გადახდის რეჟიმი ირთვება. მაგალითად, ერთი საათი ერთი ლარია. ჩვენ მსგავს პროექტს სხვა უბნებსა და ცენტრალურ რაიონებშიც განვახორციელებთ, რომ ეს მიმართულება მოწესრიგდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.