პარიზში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე არეულობის დროს 60-მდე პირი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. პარიზის პოლიციის სამმართველო აცხადებს, რომ დაშავებულებს შორის 42 დემონსტრანტი და 20-მდე სამართალდამცველია. ამასთან, არეულობის დროს პოლიციამ 200-მდე აქტივისტი დააკავა.
დღეს საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში ე.წ. ყვითელი ჟილეტების რიგით მეთვრამეტე დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც კვლავ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პარიზის ცენტრალურ ნაწილში შეკრებილი ათასობით დემონსტრანტიდან რამდენიმე ათეული აქტივისტი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ისინი პოლიციის ავტომობილებს, მოტოციკლებს და ნაგვის ურნებს ცეცხლს უკიდებდნენ. დააზიანეს ათობით მაღაზიის მინა, კიოსკი და ბანკის ერთ-ერთი ფილიალი.
აქტივისტების ქმედებას სამართალდამცველებმა უპასუხეს. მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციებში მონაწილეობა 30 ათასზე მეტმა აქტივისტმა მიიღო.
მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრაციები საფრანგეთში ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. თავდაპირველად აქტივისტები საწვავზე ფასების მომატებას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ვითარების გამოსწორებისთვის შესაბამისი ზომები მიიღო. ამის მიუხედავად, აქტივისტები ყოველ უქმე დღეს დემონსტრაციებს მაინც მართავენ.