პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქის ინფორმაციით, მეხანძრეები ცეცხლის კერასთან ახლოს მისვლას ვერ ახერხებენ
პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქის ინფორმაციით, მეხანძრეები ცეცხლის კერასთან ახლოს მისვლას ვერ ახერხებენ

პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ნინი სხირტლაძის ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი და დაკვამლიანება შემცირდა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება მაინც ვერ ხერხდება.

„ამ მომენტში ცეცხლის დონემ ცოტა დაიწია. საშინელი ალი იყო. შედარებით შენელდა, თუმცა ლოკალიზებული ისევ არ არის. რამდენიმე მეხანძრე მუშაობს, ჩვენ რასაც ვხედავთ. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს, რატომ და როგორ გაჩნდა, თუმცა ტაძარში იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები და ამბობენ, რომ შესაძლოა, იყოს მუშების დაუდევრობით გამოწვეული ხანძარი“, – აცხადებს ნინი სხირტლაძემ.

მისივე ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.

„მოხდა ადამინების ევაკუაცია. ჩვენ ახლა 200 მეტრის სიშორეზე ვართ. ახლოს მისვლის საშუალება არ გვეძლევა. როგორც აქედან ვხედავთ, სავარაუდოდ იმიტომაც გაჭირდა ჩაქრობა, რომ ვერ უდგებიან წესიერად ტაძარს, ტაძართან ახლოს ვერ მიდიან ამწეები, რადგან არის შემოღობილი. ტაძრის გარშემო არის ეზო, რომელსაც აქვს უზარმაზარი ღობე და ვერ უდგებიან. ასე გვგონია, რომ არ აქვთ საჭირო ამწეები, რომ მიწვდნენ კერას“, – აღნიშნავს ნინი სხირტლაძე.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უკვე რამდენიმე საათია, ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიკვიებს არ შეხებია.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.