პარიზში მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
პარიზში მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

საფრანგეთის დედაქალაქში მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. პროფკავშირების მოწოდების შედეგად, დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად 130 ათასამდე ადამიანი გამოვიდა.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები განსხვავებულია: პოლიციელთა პროფკავშირები მათი უფლებების აღიარებას მოითხოვენ, სამედიცინო სფეროში დასაქმებულები ადგილობრივი ჯანდაცვის სერვისების დახურვას აპროტესტებენ, სკოლის პედაგოგები იმ კანონპროექტს იწუნებენ, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე სკოლის გაერთიანება და დირექტორთა თანამდებობის გაუქმება იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სერვისების რეფორმის კანონპროექტზე პარლამენტში დებატები მომდევნო კვირას არის დაგეგმილი. როგორც 25 აპრილს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გამოსვლიდან გახდა ცნობილი, 2022 წლისთვის ქვეყანაში 120 ათასამდე საჯარო მოხელის გათავისუფლება იგეგმება.