პარიზში მასშტაბური დემონსტრაციის გმო, დღეს მეტროს 40-მდე სადგური დაიხურება
პარიზში მასშტაბური დემონსტრაციის გმო, დღეს მეტროს 40-მდე სადგური დაიხურება

პარიზში დაგეგმილ მასშტაბურ დემონსტრაციასთან დაკავშირებით დღეს მეტროს 40-მდე სადგური დაიხურება. შეიზღუდება გადაადგილება სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა ძირითადად საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილს შეეხება, სადაც „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის დემონსტრაციები არის დაგეგმილი.

აქციების ფარგლებში, საფრანგეთში 69 ათასი სამართალდამცველია მობილიზებული. პარიზში მიმდინარე სამზადისთან ერთად, პოლიციის წარმომადგენლები გაგზავნეს კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში. მაშ შორის არის ბორდო და ტულუზი. სარკინიგზო სადგურებსა და საავტომობილო გზებზე კი სამართალდამცველები მგზავრებს განსაკუთრებული სიმკაცრით ამოწმებენ.

საფრანგეთში ყვითელი ჟილეტების სახელით ცნობილი დემონსტრაციები უკვე ერთი თვეა იმართება.

თავდაპირველად საპროტესტო აქციები საწვავის ფასების მომატებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით აქტივისტების მოთხოვნები შეიცვალა. მათ ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ გალაშქრება დაიწყეს. მართალია, ცოტა ხნის წინ ემანუელ მაკრონი დათმობაზე წავიდა და აქტივისტების მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობა დადო, თუმცა „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წევრები დემონსტრაციის გამართვას მაინც გეგმავენ.