პარიზსა და ლიონში კომენდანტის საათი კიდევ ერთხელ დაწესდა
საფრანგეთის დედაქალაქსა და ქალაქ ლიონში კომენდანტის საათი კიდევ ერთხელ ამოქმედდება. გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღეს.
პარიზის პოლიციის ინფორმაციით, კომენდანტის საათი 21 ოქტომბერს, 23:00 საათიდან 22 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე იქნება ძალაში.
შეზღუდვები გავრცელდება პარიზის რესპუბლიკის მოედნისა და ლე-ალის მიმდებარე ტერიტორიებზე. აღნიშნულ ზონებში კომენდანტის საათის განმავლობაში როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი პირების ყოფნა აიკრძალება.
ამასთან, რონის დეპარტამენტის პრეფექტმა, ეტიენ გიომ ლიონში კომენდანტის საათისა და შეკრებების აკრძალვის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
ლიონში შეზღუდვები ასევე 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იქნება ძალაში. წინა დღეებში კომენდანტის საათი ორი საათით ადრე, 21:00 საათზე იწყებოდა.