პარიზის ზარაფხანა ღვთისმშობლის ტაძრის გამოსახულებიან მონეტებს ხელახლა გამოსცემს
პარიზის ზარაფხანა ღვთისმშობლის ტაძრის გამოსახულებიან მონეტებს ხელახლა გამოსცემს

პარიზის ზარაფხანა ღვთისმშობლის ტაძრის გამოსახულებიან მონეტებს თავიდან გამოსცემს. ამის შესახებ საფრანგეთის მონეტების დამამზადებელი სახელმწიფო საწარმო მიკრობლოგ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე იუწყება.

2013 წელს მოჭრილი მონეტების თავიდან გამოცემის და გაყიდვის მიზანი ხანძრის შედეგად დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის თანხის შეგროვება სახელდება.

აღნიშნული მონეტები პარიზის ზარაფხანამ 2017 წელს, პარიზის ღვთისმშობლის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოსცა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

დატოვე კომენტარი