პარიზის პროკურატურის ცნობით, ლუვრის მუზეუმიდან ძვირფასეულობების ქურდობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი ძარცვაში მონაწილეობას აღიარებს, მოპარული ნივთები ხელისუფლებას ჯერ არ დაუბრუნებია
პარიზის პროკურატურის განცხადებით, ლუვრის მუზეუმიდან ძვირფასეულობების ქურდობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი ძარცვაში მონაწილეობას აღიარებს.
მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
ამასთან, როგორც პარიზის პროკურატურაში განმარტეს, მოპარული ძვირფასეულობები ხელისუფლებას ჯერ არ დაუბრუნებია.
„მინდა შევინარჩუნო იმედი, რომ ძვირფასეულობები მოიძებნება და დაუბრუნდება ლუვრის მუზეუმს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი, ვინც შეიძენს მათ, თავად იქნება დამნაშავე მოპარული ნივთების შენახვაში. ჯერ კიდევ არის დრო მათი დაბრუნებისთვის“, – განაცხადა პარიზის პროკურორმა, ლორ ბეკუომ.
ორივე ეჭვმიტანილი გასულ კვირას დააკავეს. ერთ-ერთი სამართალდამცველებმა შარლ დე გოლის აეროპორტში აიყვანეს, როდესაც თვითმფრინავში ასასვლელად ემზადებოდა. ორი ეჭვმიტანილი კი ჯერ ისევ ძებნაშია.
ცნობისთვის, ლუვრის მუზეუმში ძარცვა 19 ოქტომბერს მოხდა. რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ნაპოლეონის კოლექციიდან სამკაულები მოიპარა. მუზეუმიდან წაღებული სამკაულების ღირებულება დაახლოებით 88 მილიონი ევროა.