პარიზის მერი - 2024 წელს ომი თუ გაგრძელდება, რუსი სპორტსმენების პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დაშვება არ შეიძლება
პარიზის მერი - 2024 წელს ომი თუ გაგრძელდება, რუსი სპორტსმენების პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დაშვება არ შეიძლება

2024 წელს ომი თუ გაგრძელდება, რუსი სპორტსმენების პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დაშვება არ შეიძლება, – ამის შესახებ პარიზის მერმა, ან იდალგომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა. იდალგოს განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

„ჩვენ ოლიმპიური თამაშების ერთგულები ვართ. ჩემთვის პარიზი ადამიანის უფლებების დედაქალაქია და არა მხოლოდ ჩემთვის. ოლიმპიური მოძრაობის ღირებულებები, ჰუმანიზმის, ევროპის ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია. 2024 წელს, შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე პარიზში, ომი თუ გაგრძელდება, რუსების თავდასხმა თუ თქვენზე კვლავ გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ისინი თავს გვესხმიან ჩვენ და ჩვენს ღირებულებებს. ჩემი აზრით, რუსი სპორტსმენების პარიზში მიღება არ შეიძლება, თუ ომი გაგრძელდება. ამიტომ ვართ აქ. ჩვენ ვცდილობთ, დავარწმუნოთ სპოტსმენები, საერთაშორისო ფედერაციები და ქვეყნები. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, მხარს გიჭერთ ამ ბრძოლაში. თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ პარიზისა და ჩემი იმედი“, – განაცხადა ან იდალგომ.

პარიზის მერი ან იდალგო და ევროკავშირის რეგიონების კომიტეტის პრეზიდენტი ვასკო კორდეირუ უკრაინაში ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტის ფარგლებში იმყოფებიან. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ან იდალგოს პარიზის მიერ ათობით ათასი უკრაინელი ლტოლვილის შეფარებისთვის და უკრაინისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

შეხვედრისას ზელენკიმ საფრანგეთის დედაქალაქის მერს გადასცა „გადამრჩენელი ქალაქის“ ჯილდო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით პარიზს მიენიჭა.