პარიზში მიმდინარე მასტერსის ტურნირზე მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, დიდი სლემის გათამაშებების 20-გზის გამარჯვებული, ნოვაკ ჯოკოვიჩი ფინალში რუს დანილ მედვედევს (2) დაუპირისპირდება. მეტოქეები ერთმანეთს ცხრაჯერ შეხვედრიან, საიდანაც სერბმა ხუთ მატჩში გაიმარჯვა.
მათი ბოლო დაპირისპირება ამერიკის ღია პირველობაზე გაიმართა, როდესაც ტურნირის ფინალში მედვედევმა ნოვაკი სამ სეტში დაამარცხა და თავისი პირველი დიდი სლემის გათამაშება მოიგო.
ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსის ნახევარფინალში პოლონელი ჰუბერტ ჰურკაში, დაძაბულ სამსეტიან დაპირისპირებაში დაამარცხა (3:6 6:0 7:6). დანილ მედვედევმა კი ფინალში გასასვლელად, რეიტინგის მეოთხე ნომერი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი მარტივად, ორ სეტში ანგარიშით 6:2 6:2 დაამარცხა. დღევანდელი ფინალური შეხვედრა პარიზში, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.