ორშაბათიდან სტარტს იღებს 2020 წლის საჩოგბურთო სეზონის ბოლო „მასტერსი“, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს.
გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე პირველ წრეში. ეს არის რეიტინგის 34-ე ნომერი, გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრების ისტორია ოთხ მატჩს მოიცავს და ანგარიში არის – 2:2. მათი ბოლო შეხვედრა დუბაის ტურნირზე გაიმართა და მაშინ შტრუფმა ძალიან იოლად გაიმარჯვა – 6:1, 6:0.
ამ წყვილში გამარჯვებული მეორე წრეში ესპანელ პაბლო კარენიო ბუსტასა და ფრანგ უგო გასტონს შორის მოგებულს შეხვდება.
ამ მომენტისთვის, ბასილაშვილს პროფესიულ ტურნირებში შვიდმატჩიანი წაგებების სერია აქვს, თან ამ შეხვედრებში მას სეტიც არ მოუგია.