პარიზის ხელისუფლებამ მდინარე სენას დონის მატების გამო წყლის ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერა
პარიზის ხელისუფლებამ მდინარე სენას დონის მატების გამო წყლის ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერა

პარიზის ხელისუფლებამ მდინარე სენას დონის მატების გამო წყლის ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერა. ასევე ოთხშაბათიდან დაიხურება რამდენიმე სარკინიგზო სადგური, რომელიც ტურისტულ ობიექტებს ემსახურება, მათ შორის, ეიფელის კოშკსა და ორსეის მუზეუმს.

მდინარეში წყლის დონის მატება ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.

გასული ღამის განმავლობაში სენას დონემ 40 სანტიმეტრით მოიმატა და ჯამში 4,92 მეტრს მიაღწია. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ შაბათამდე ეს მაჩვენებელი 5,70 მეტრამდე გაიზრდება. ამის შესახებ ოფიციალურ ცნობებს პარიზის პოლიცია ავრცელებს.

2016 წელს სენას ადიდებას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასევე საჭირო გახდა ლუვრის საცავებიდან ხელოვნების ნიმუშებისა და ძვირფასი არტეფაქტების გადატანა. მაშინ წყლის დონემ 6 მეტრს მიაღწია.

პარიზისთვის წყალდიდობით მიყენებულმა ზარალმა კი მილიარდი ევრო შეადგინა.

ყველაზე დიდი წყალდიდობა პარიზში 1910 წელს მოხდა, როცა სენას წყლის დონემ 8,6 მეტრამდე აიწია.