პარიზის გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
საფრანგეთის დედაქალაქში დღეს ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი აიღებს სტარტს. შეჯიბრზე, რომელიც 5-6 თებერვალს გაიმართება, საქართველოს ნაკრების სახელს ექვსი სპორტსმენი დაიცავს.
ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდიდან სამი სპორტსმენი იასპარეზებს.
60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას, 2021 წლის ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებული – ჯაბა პაპინაშვილი დაიცავს. ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, განელი სპორტსმენი ზეო აგუდო იქნება.
66 კგ წონით კატეგორიაში ჩვენი ნაკრების სახელით 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი – ვაჟა მარგველაშვილი გამოვა. იგი ტურნირზე 1/8 ფინალიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ანგოლელი ედმილსონ პედრო იქნება.
73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას, 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონი, წონითი პირველი ნომერი – ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს.
ქართველი ძიუდოისტი პარიზის გრანდ სლემზე მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელ – იეჰონათან ელბაზსა და ბრაზილიელ – ჟულიო სეზარ კოდას შორის გამარჯვებული იქნება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30, ხოლო ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე დაიწყება.