პარიზის „გრანდ სლემი“ - 100 კგ. ლაშა ტაველური მეორე წრეშია [ვიდეო]
საფრანგეთის დედაქალაქში წლის პირველი „გრანდ სლემი“ გრძელდება. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ქართველთაგან „ბერსი არენაზე“ პირველი ლაშა ტაველური გავიდა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ასპარეზობა პირველივე წრიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წევრი, ელ ეი სმიტ III იყო.
ორთაბრძოლის საწყის ერთ წუთში ორივე სპორტსმენმა შიდო მიიღო. მალევე ამერიკელს კიდევ ერთი გაფრთხილება დაემატა, თუმცა ძირითად დროში მეტი არაფერი მომხდარა და გამარჯვებულის ბედიც „ოქროს ქულამ“ გაარკვია. ტაველურს მომგებიანი ვაზა-არის შესასრულებლად, დამატებითი დროის დაწყებიდან ერთ წუთზე ოდნავ მეტი დასჭირდა და საბოლოოდ 1/16 ფინალშიც გავიდა, სადაც მისი მეტოქე 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონი იაპონელი, აარონ ვოლფი იქნება.
ამავე წონაში განთესილია და პირველ წრეში ისვენებს ვარლამ ლიპარტელიანი. საქართველოს ნაკრების კაპიტანი პირდაპირ 1/16 ფინალიდან იწყებს სადაც ტაილანდელ ვეი პუიანგს შეხვდება.
დღესვე ტურნირში მძიმე წონის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, სადაც ნოდარ მეტრეველის გუნდიდან, ონისე ბუღაძე და გიორგი ზაქარიაძე იასპარეზებენ. რაც შეეხება კობა მჭედლიშვილს (81 კგ.) იგი ასპარეზობას საწყის რაუნდშივე გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე პარიზის „გრანდ სლემზე“ უკვე სამი მედალი აქვს. ფინალში წააგო და ვერცხლს დაეუფლა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ.) და თეიმურაზ ნოზაძეს (60 კგ.) კი ბრინჯაოს მედლები ერგოთ.