პარიზის დიდი სლემი - მძიმეწონოსანთა მეოთხედფინალში ქართული დუელი არ შედგა
წლევანდელ პარიზულ გრანდ სლემზე ყველაზე ნაკლებმა, 22-მა ძიუდოისტმა თავი ამ წონაში მოიყარა. მათ შორის მყოფი ორი ქართველი – გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი კი კენჭისყრამ ერთ ჯგუფში მოახვედრა.
სატურნირო ბადიდან გამომდინარე, სპეციალისტები მეოთხედფინალში თავიდანვე ქართულ დაპირისპირებას ვარაუდობდნენ, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და კვარცხლბეკზე ასასვლელად ბრძოლას მხოლოდ ერთი მათგანი აგრძელებს.
ტედი რინერის არყოფნაში ტურნირის მთავარ ფავორიტად შერაცხულ თუშიშვილს მეტოქედ ბელარუსი – ულადისლაუ ციარპინცკი ერგო. ფავორიტმა პროგნოზები მალევე გაამართლა. სასტარტო სირენიდან წუთსა და ათ წამში გურამმა მეტოქეს ვაზარი აუღო და იქვე შებოჭვაც გააგრძელა, რამაც საბოლოოდ წმინდა გამარჯვება მოუტანა.
რაც შეეხება ლევან მატიაშვილისა და ალჟირელი მოჰამედ ტაიეს დაპირისპირებას, არბიტრს დასაწყისში ორივე სპორტსმენის გაფრთხილება მოუწია. ძირითადი დროის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, პასიურობის გამო, ალჟირელმა კიდევ ერთი შიდო მიიღო. მაშინ კი, როცა ორთაბრძოლა დამატებით დროში უნდა გადასულიყო, აფრიკის ჩემპიონატის სამგზის პრიზიორმა – ტაიემ ლევანის შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების მომტანი ვაზარი შეასრულა.
შედეგად, მეოთხედფინალში გურამ თუშიშვილის მეტოქე სწორედ ალჟირელი ძიუდოისტი იქნება.