პარიზი-ბათუმის რეისით საქართველოს 182 მოქალაქე დაბრუნდა [ვიდეო]

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო​ პარიზი-ბათუმის რეისის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, რეისით საქართველოს 182 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში.

„საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. განხორციელდა პარიზი-ბათუმის რეისი, რომლითაც სამშობლოში 182 მოქალაქე დაბრუნდა. მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით საკარანტინე ზონებში გადაიყვანეს“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

მათივე ცნობით, 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციიის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით საკარანტინე სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს.

„საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.