პარიზი 2024 | ყველაფერი ძიუდოს შესახებ #1TVSPORT
პარიზი 2024 | ყველაფერი ძიუდოს შესახებ #1TVSPORT

პარიზის ოლიმპიადაზე მედლები სპორტის 32 სახეობაში გათამაშდება. ქართველი სპორტსმენები კი გამარჯვებისთვის 10 სახეობაში იბრძოლებენ. ძიუდო ერთ-ერთი ის სახეობაა, სადაც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს სხვადასხვა სინჯის მედლის მოპოვების ყველაზე დიდი შანსი აქვთ.

„ოლიმპიური გზამკვლევის“ დახმარებით სპორტის ამ სახეობას დეტალურად გაგაცნობთ.

დაარსება

პარიზის ოლიმპიური თამაშები სანახაობრივი, მულტიკულტურული და თანამედროვე იქნება, თუმცა, ამავდროულად, ტრადიციების მატარებელიც. არცერთი სპორტი ისე არ ასახავს ტრადიციასა და ღირსებას, როგორც ძიუდო. ეს სპორტი ოლიმპიურ ოჯახს 1964 წლის იაპონიის პირველ ოლიმპიადაზე შეურთდა.

ბევრი სხვა საბრძოლო სახეობისგან განსხვავებით, ძიუდოისტები ერთმანეთისადმი მუდამ პატივისცემას გამოხატავენ.

ძიუდო გამოირჩევა მაღალი დონის უსაფრთხოებითა და თავისუფალია სკანდალებისგან. სპორტმა 2000 წელს კიდევ ერთ საბრძოლო სახეობას, ტაეკვონდოს გაუღო კარი ოლიმპიურ თამაშებზე და კარატეს ტოკიოში გამართულ მეორე ოლიმპიურ თამაშებზე 2021 წელს.

ძიუდო მე-19 საუკუნეში დოქტორ ძიგორო კანოს მიერ დაარსდა, რომელიც ჯიუჯიცუს სწავლობდა. მან საბრძოლო ხელოვნებიდან ძალადობრივი ელემენტები ამოიღო და თავისი ვერსია შექმნა, რომელსაც ძიუდო დაარქვა, რაც ითარგმნება, როგორც „ნაზად“. გასაკვირი არაა, რომ ამ სპორტში ოლიმპიურ თამაშებზე იაპონელები დამონირებენ.

წესები

რიოს 2016 წლის ოლიმპიადის შემდეგ სპორტში რამდენიმე რევოლუციური ცვლილება შევიდა, რაც, ძირითადად, ქულათა დათვლის სისტემას შეეხებოდა. მამაკაცთა შორის შეხვედრების ხანგრძლივობა ხუთიდან ოთხ წუთამდე შემცირდა, ისევე როგორც მანამდე ქალთა შორის იყო და დაიწყო კვლავ ისეთი სისტემის აშენება, რომელიც შეჯიბრებისა და მოწინააღმდეგისადმი პატივისცემას გამოხატავს.

ძიუდოში მოგების მომტან მთავარ ილეთს იპონი ეწოდება. იპონით ფასდება გდება, როდესაც მეტოქეს ტატამიზე ზურგით აგდებენ მნიშვნელოვანი ძალის, სისწრაფისა და კონტროლის საშუალებით. ქულის მოპოვების კიდევ ერთი გზაა ვაზარი, ეს გდება ნახევარ ქულად ფასდება. ის ძიუდოისტს მიენიჭება, როდესაც თითქმის იპონს ასრულებს, მაგრამ ცოტა აკლდება. ეს მაშინ ხდება, როდესაც მოწინააღმდეგის ზურგი ბოლომდე არ ეხება ტატამს ან შებოჭვა გრძელდება 15 წამით. შეხვედრისას შესრულებული ორი ვაზარი ერთ იპონს უდრის და შეხვედრა სრულდება.

ტოკიო 1964 პირველი ოლიმპიადა იყო, რომელიც მთელ მსოფლიოში ტელევიზიით სატელიტის დახმარებით გადაიცემოდა და რომლითაც წარადგინეს იაპონიაში ორი ყველაზე საყვარელი სპორტის სახეობა – ძიუდო და ფრენბურთი. ეს იყო პირველად ომის შემდეგ, როდესაც სპორტის არსებული 17 სახეობა ლონდონში, ჰელსინკიში, მელბურნსა და რომში გაფართოვდა.

ძიუდოს ოლიმპიური დებიუტი ოთხი შეჯიბრებით მხოლოდ მამაკაცებს შორის შედგა. იაპონელებმა მსუბუქ, საშუალო და მძიმე წონაში ოქროს მედლები მოიგეს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. მასპინძელებს ოქროს მედლის აღების საშუალება ღია წონით კატეგორიაში არ მისცა კაცმა, რომელსაც „ლურჯთვალება ძიუდოს ოსტატს“ უწოდებდნენ, ის ნიდერლანდელი ანტონ გიისნიკი იყო.

ყველაზე წარმატებული ოლიმპიელები

ძიუდო არ იყო 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადის პროგრამაში, თუმცა დაბრუნდა 1972 წელს მიუნხენში, რის შემდეგაც ოლიმპიურ თამაშებზე მუდმივადაა. სწორედ 1972 წელს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ჩოჩიშვილი გახდა. ქალებს შორის შეჯიბრება 1992 წელს დაამატეს.

შერეული გუნდური შეჯიბრების დებიუტი 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე შედგა. ძიუდოში წონითი კატეგორიები ხშირად იცვლებოდა, თუმცა პარიზში უცვლელად, მედლების 15 კომპლექტი გათამაშდება – 7 კომპლექტი მამაკაცთა შორის, 7 – ქალთა შორის, ხოლო ერთი – გუნდურ შეჯიბრებაში.

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში მამაკაცთა შორის ყველაზე წარმატებული ძიუდოისტი იაპონელი ტადაჰირო ნომურაა, რომელმაც სამი ოქროს მედალი მოიპოვა. მან -60კგ წონით კატეგორიაში ატლანტის, სიდნეისა და ათენის ოლიმპიური თამაშები მოიგო. პარიზში ნომურას შედეგის გამეორებას ფრანგი ტედი რინერი შეეცდება. მან ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოლიმპიური ოქრო ორჯერ მოიპოვა (2012, 2016). რინერს, რომელსაც კარიერის ერთ მონაკვეთში ძიუდოში 10 წლის განმავლობაში მარცხი არ განუცდია, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ოქროს მედალიც აქვს შერეულ გუნდურ ასპარეზობაში. ქართველთაგან ძიუდოში სამივე სინჯის მედალი აქვს ლაშა შავდათუაშვილს. ის 2012 წელს -66 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ლონდონში გახდა, ხოლო რიოსა და ტოკიოში -73კგ-ში ბრინჯაო და ვერცხლი მოიპოვა.

ქალთა შორის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ძიუდოისტი იაპონელი რიოკო ტანია. მან -48 კგ წონაში ოქროს მედალი სიდნეისა და ათენის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა. ბარსელონასა და ატლანტაში ვერცხლს დასჯერდა, ხოლო პეკინში ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

ძიუდო პარიზის ოლიმპიადაზე

პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირი 10 000 კვადრატულ მეტრზე გაშლილ შამპ დე მარს არენაზე თამაშების პირველ 8 დღეს გაიმართება. შეჯიბრება 27 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება, თითოელ დღეს კი ოქროს მედალოსნების ვინაობა გვეცოდინება.

ფრანგული ტატამი რამდენიმე საინტერესო მოვლენის მომსწრე შეიძლება გახდეს. ტედი რინერი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იქნება და ინტრიგა იმის შესახებ, მოახერხებს თუ არა ის მესამე ოქროს მედლის მოპოვებას.

ერთ დღეს, 28 ივლისს იასპარეზებენ იაპონელი და-ძმა აბეები. ორივეს აქვს შესაძლებლობა, კარიერაში მეორე ოლიმპიური ოქრო მოიგოს.

საშინაო კედლებში ქალთა შორის თავის მეორე ოლიმპიურ ოქროს შეუტევს ფრანგი კლარის აგბენენუ, რომელიც მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია -63კგ წონით კატეგორიაში.

2019 წლიდან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ირანული წარმომავლობის მქონე საიდ მოლაის ირგვლივ. ის შეიძლება გახდეს პირველი ძიუდოისტი, რომელიც სამ სხვადასხვა ოლიმპიადაზე სამ ქვეყანას წარადგენს. 2016 წელს ირანის ღირსებას იცავდა, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე – მონღოლეთის, ხოლო პარიზში აზებაიჯანის დროშის ქვეშ გამოვა.

ქართველები ოლიმპიადაზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები საფრანგეთში მამაკაცთა შორის ყველა, შვიდივე წონით კატეგორიაში წარდგება, ხოლო ქალთა შორის – სამ წონით კატეგორიაში. ქართველთაგან მეორე ოლიმპიადის მოგების შანსი ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილსა და ლაშა ბექაურს აქვთ.

ისტორიაში პირველად, საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაშიც იასპარეზებს.

ქართველ ძიუდოისტებს ოლიმპიადაზე 7 ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული. ოლიმპიური ჩემპიონები სხავდასხვა დროს გახდნენ: შოთა ჩოჩიშვილი (1972), შოთა ხაბარელი (1980), დავით ხახალეიშვილი (1992), ზურაბ ზვიადაური (2004), ირაკლი ცირეკიძე (2008), ლაშა შავდათუაშვილი (2012), ლაშა ბექაური (2021).

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა პარიზის ოლიმპიადაზე:

მამაკაცები: გიორგი სარდალაშვილი (60კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ლაშა ბექაური (90კგ), ილია სულამანიძე (100კგ), გურამ თუშიშვილი (100+კგ).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57კგ), ეთერ ასკილაშვილი (63კგ), სოფიო სომხიშვილი (78+კგ).