„პარი სენ-ჟერმენი“ ლიონელ მესისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ გეგმავს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიონელ მესისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ გეგმავს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებს არ გეგმავს, – ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ცნობილი ბრიტანული გამოცემა Mirror-ი ავრცელებს.

ფრანგული ფეხბურთის გრანდი აპირებს ახალი სტრატეგია შეიმუშავოს, რომელიც ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელების დაწინაურებაზე იქნება ორიენტირებული.

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის მიზანია, ფინანსურად სტაბილური პროექტი შექმნას და მსოფლიოსთვის ცნობილ ვარსკვლავებზე აქცენტი ნაკლებად გააკეთოს. შესაბამისად, პარიზში ლიონელ მესისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას საჭიროდ არ მიიჩნევენ. არგენტინელის ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისს იწურება.

მესის დამატებით დაინტერესებულია მისი ყოფილი კლუბი „ბარსელონა“. უკანასკნელი ინფორმაციით, მოლაპარაკებები ესპანური ფეხბურთის გრანდსა და მესის შორის წარმატებით მიმდინარეობს და, დიდი ალბათობით, სამხრეთამერიკელი „ბლაუგრანასთან“ ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

თუმცა, სანამ მესისთან ხელშეკრულება დაიდება, „ბარსელონას“ მოუწევს გარკვეული ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება, რათა კლუბმა ფინანსური ფეარ პლეი არ დაარღვიოს.

ლიონელ მესი „პარი სენ-ჟერმენს“ 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, მის ანგარიშზე 20 გატანილი გოლია.