პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა საშუალებას აძლევს პარაგვაის, დაუბრკოლებლად გაიტანოს პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე
პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა საშუალებას აძლევს პარაგვაის, დაუბრკოლებლად გაიტანოს პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე

საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს, ის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია კავკასიასა და ევროპას შორის. ეს კი პარაგვაის აძლევს შესაძლებლობას, დაუბრკოლებლად გაიტანოს თავისი პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე, სადაც საქართველოს აქვს წვდომა, – ამის შესახებ პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუბენ რამირეს ლესკანომ განაცხადა.

პარაგვაის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო ბრწყინვალედ მასპინძლობს საერთაშორისო ტურისტულ ღონისძიებებს.

„ჩვენ ამ კუთხით თანამშრომლობაზეც შევთანხმდით. ასევე, განვიხილეთ ტურიზმისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების გზები და განვსაზღვრეთ საერთო ინტერესის სხვა სფეროებიც“, – აღნიშნა რუბენ რამირეს ლესკანომ.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ასევე განხილული იყო უსაფრთხოების გამოწვევები და ორი ქვეყნის საერთო შეხედულებები ამასთან დაკავშირებით.

„ვისაუბრეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის, კავკასიის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე. ასევე, განვიხილეთ ერთობლივად მოქმედების შესაძლებლობები“, – აღნიშნა რუბენ რამირეს ლესკანომ.

პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღო საქართველოში მიწვევა და ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდება.

„შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას პოლიტიკური ინსტიტუციების ფარგლებში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ილიას სტუმრობისთვის და კიდევ ერთხელ დავარწმუნო ის, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ერთად მუშაობას“, – აღნიშნა რუბენ რამირეს ლესკანომ.