Paradise Papers-ის სახელით გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს ვლადიმერ პუტინის გარემოცვასთან საქმიანი კავშირები აქვს 
Paradise Papers-ის სახელით გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს ვლადიმერ პუტინის გარემოცვასთან საქმიანი კავშირები აქვს 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრს, ვაჭრობის მდივან უილბურ როსს ვლადიმერ პუტინის გარემოცვასთან საქმიანი კავშირები აქვს. ამაზე მეტყველებს Paradise Papers-ის სახელით გამოქვეყნებული მასალები, რომლებიც მსოფლიო ლიდერების, პოლიტიკოსების, კომპანიებისა და ცნობილი ადამიანების ოფშორულ საქმიანობას ეხება.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აშშ-ის ვაჭრობის მდივანი უილბურ როსი კომპანია Navigator Holdings-ის აქციონერია. აღნიშნული კომპანია კი რუსული ენერგოკომპანია „სიბურისთვუს“ ნავთობისა დ გააზის ტრანსპორტირებაზე ყოველწლიურად მილიონობით დოლარის სარგებელს იღებს.

სიბურის“ ორ მსხვილ აქციონერს აშშ-ის მხრიდან სანქციები აქვს დაწესებული. რუსული ენერგოკომპანიის აქციონერებს შორის არიან, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის სავარაუდო სიძე, კირილ შამალოვი, რომელიც აქციების 3,9%-ს ფლობს. „სიბურის“ მსხვილი აქციონერები არიან ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი გენადი ტიმჩენკო, რომლის წინააღმდეგაც ამერიკული სანქციები მოქმედებს.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ უილბურ როსი არასდროს შეხვედრია „სიბურის“ რუს აქციონერებს.

უილბურ როსის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ WL Ross & Co-მ Navigator Holdings-ში ინვესტიციები პირველად 2011 წელს ჩადო. ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, როსი დღემდე ინარჩუნებს ფინანსურ დაინტერესებას Navigator Holdings-ში კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით.

ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმში აღნიშნავენ, არ არსებობს ვარაუდი, რომ უილბურ როსმა კანონი დაარღვია.
ამასთან, როგორც გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს, როდესაც დონალდ ტრამპმა როსი აშშ-ის ვაჭრობის მინისტრად წარადგინა, მას დაწინაურება Navigator Holdings-ის ტოპ-მენეჯერებმა მიულოცეს. ამერიკული გამოცემის ცნობით, როსმა Navigator Holdings-ის დირექტორს უთხრა, რომ მათი ინტერესები ურთიერთდაკავშირებულია.
„აშშ-ის ეკონომიკა გაიზრდება. Navigator-ი აქედან სარგებელს ნახავს“, – აღნიშნა როსმა.

აღსანიშნავია, რომ „სიბურის“ გარდა, Navigator Holdings-ის კლიენტი იყო ვეენსუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია Petroleos de Venezuela, რომელსაც წელს აშშ-მა სანქციები დაუწესა.​
უილბურ როსსა და დონალდ ტრამპს ერთმანეთთან 25-წლიანი მეგობრობა აკავშირებთ. როგორც BBC-ს დონალდ ტრამპის ბიოგრაფმა დევიდ ქეი ჯონსტონმა განუცხადა, „უილბურ როსი რომ არა, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში არ იქნებოდა“.

უილბურ როსი იყო მთავარი მომლაპარაკებელი ვითარებაში, როდესაც დონალდ ტრამპმა გაკოტრებასა და ისტორიის სანაგვეზე აღმოჩენას თავი აარიდა“, – განაცხადა ჯონსტონმა.