პაპუნა ლეჟავა - სესხების გაცემის წესში ცვლილებების მიზანია, გადახდისუნარიანი მსესხებლის დაკრედიტება უფრო მოქნილი იყოს
პაპუნა ლეჟავა - სესხების გაცემის წესში ცვლილებების მიზანია, გადახდისუნარიანი მსესხებლის დაკრედიტება უფრო მოქნილი იყოს

დღევანდელი გადმოსახედიდან, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღებას პოზიტიური მატერიალური შედეგები ჰქონდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.

მისი თქმით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო 2019 წლის იანვარში ამოქმედდა და მისი შემოღების მთავარი მიზანი იყო ჭარბვალიანობის ზრდის შეზღუდვა ფიზიკური პირებისთვის.

„დღევანდელი გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ პოზიტიური მატერიალური შედეგები ჰქონდა ამ ჩარჩოს შემოღებას. თუმცა, ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჩარჩო მაშინ იყო საკმაოდ დროული, რადგან ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდამ საკმაოდ მაღალ ტემპებს მიაღწია. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეს ტემპები უკვე დაუბრუნდა ნორმალურ დონეს, განსაკუთრებით იპოთეკური სესხების ნაწილში. თუმცა, ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ დებულებას დავაკვირდებოდით და როგორც კი ჩავთვლიდით საჭიროდ გარკვეული ცვლილების შეტანას, მაშინვე შევიტანდით. წლის განმავლობაში ჩვენ ვაგროვებდით როგორც ბანკებიდან, ისე მოსახლეობიდან შენიშვნებს, შეკითხვებს და დღეს უკვე გვაქვს კარგი წარმოდგენა, რა ცვლილებები და გაუმჯობესებები შეიძლება, შევიტანოთ ამ დებულებაში“, – განაცხადა ლეჟავამ.

მისივე განმარტებით, ცვლილებებზე მუშაობა სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბანკებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

„ცვლილებების მთავარი მიზანია, მოაცილოს ბიუროკრატიული ტვირთი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს, რაც შეიძლება მოქნილი გახადოს დაკრედიტება ისეთი მსესხებლებისთვის, ვინც არის გადახდისუნარიანი. ვცდილობთ, რომ გადავიდეთ უფრო წესებზე დაფუძნებული ზედამხედველობიდან პრინციპებზე დაფუძნებულ ზედამხედველობაზე და მეტი მოქნილობა შევუქმნათ ბანკებს და სხვა საკრედიტო ინსტიტუტებს, რათა თვითონ მოახდინონ მსესხებლების გადახდისუნარიანობის შესწავლა“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებები შეიტანა და ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა გაამარტივა.

დატოვე კომენტარი