პაპუნა ლეჟავა - საბაზისო სცენარში ჩვენი მოლოდინია, რომ უმოქმედო სესხების წილი შემცირდება
პაპუნა ლეჟავა - საბაზისო სცენარში ჩვენი მოლოდინია, რომ უმოქმედო სესხების წილი შემცირდება

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ბუნებრივია, რომ კრიზისთან ერთად, ეკონომიკაში გაიზარდა სესხის მომსახურების ტვირთი, შემცირდა დასაქმება, შემცირდა ზოგ სექტორში ხელფასები, ხოლო ლარის, ისევე, როგორც დოლარის, სესხების მომსახურება გართულდა.

„ეს აისახა როგორც რესტრუქტურიზაციებზე, ისე უმოქმედო სესხების ზრდაზე და 2021 წლის მარტისთვის უმოქმედო სესხების დონემ, მთლიანი პორტფელის 8.5 პროცენტს მიაღწია. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ უმოქმედო სესხები პიკს დაახლოებით 10 პროცენტის ფარგლებში მიაღწევდა, თუმცა მარტის შემდეგ 8.5 პროცენტიდან უკვე კლება დაიწყო. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული და 6.5 პროცენტს შეადგენს. საბაზისო სცენარში ჩვენი მოლოდინია, რომ სესხების ხარისხის გაუმჯობესება გაგრძელდება, თუმცა ვინაიდან პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობა და რისკი კვლავ არსებობს, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული უმოქმედო სესხების კვლავ ზრდა, თუმცა დღეის მდგომარეობით, და დღეს ცნობილი ფაქტორების გათვალისწინებით, სრულად არის უკვე პორტფელზე ასახული უმოქმედო სესხების გაუარესება“, – აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.